საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ „თავდაცვის კოდექსზე“ მუშაობისას, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები განიხილებოდა. მისი განცხადებით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს ალტერნატივა, ბევრი მიზეზის გამო, არ აქვს.
„ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის კარგად მომზადებული და დიდი რეზერვი აუცილებელია,“ - ამბობს ბურჭულაძე.
მან ყურადღება გაამახვილა ქვეყნისთვის რეზერვის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, ამ კონტექსტით სტრატეგია მეგობარ ქვეყნებთან ერთად შემუშავდა.
„ეს სტრატეგია შექმნილია პარტნიორებთან ერთად, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და რიცხოვნობიდან გამომდინარე. ეს კომპლექსური და მოცულობითი საკითხია. ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ 2035 წლისთვის რეზერვში გვეყოლება ასი ათასი ადამიანი, ამისთვის შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ამ შედეგის მისაღწევად ერთ-ერთი მეთოდი, იქნება წვევამდელთა სამსახური, ასევე ნებაყოფლობითი სხვა სამსახურები,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მინისტრმა აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიხედვით, უწყებას ახალი სპეცწოდების თანამშრომლის მიღების, ან სპეციალური წოდების მომატების უფლება აღარ ექნება.
„ჩვენ აღარ გვექნება უფლება, რომ მივიღოთ ახალი სპეცწოდების თანამშრომელი ან მოვუმატოთ სპეცწოდება, რომელიც აქვს მინიჭებული პირს, რომელიც მსახურობს თავდაცვის სამინისტროში.
„თავდაცვის კოდექსი“ ამ სიმახინჯეს ზღუდავს, არეგულირებს და ყველა ხარვეზს სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს,“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდავის სამინისტროს ცნობით.