გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ვერ დაუშვებს უკრაინაში მიმდინარე ომის გაჭიანურებას. მან მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან.
„ვერ დავუშვებთ, რომ ეს ომი კიდევ 500 დღეს გაგრძელდეს. პრეზიდენტ ზელენსკის ათპუნქტიანმა გეგმამ წინსვლის გზა აჩვენა. უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენ გვინდა მშვიდობა. მთელ მსოფლიოს სურს მშვიდობა", - განაცხადა კლევერლიმ ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არის ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებას სურს და რუსეთმა ეს არჩევანი დღესვე უნდა გააკეთოს უკრაინიდან მთელი თავისი ჯარის გაყვანით.
„ბატონო პუტინო, დააბრუნეთ თქვენი ჯარები შინ, დაასრულეთ ეს ომი ახლავე“, - განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.