BBC უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურს, გენერალ ალექსანდრ სირსკის უკრაინის მიმდინარე კონტრშეტევაზე ესაუბრა. BBC წერს, რომ მას „21-ე საუკუნის ყველაზე წარმატებულ გენერალს“ უწოდებენ. გამოცემის ცნობით, უკრაინელი გენერალიც აღიარებს, რომ შეტევის დაწყებიდან თვეზე მეტია, უკრაინის დიდი ხნის ნანატრი იერიში მრავალ ფრონტზე ნელა მიმდინარეობს.
მისი თქმით, აღმოსავლეთში, ისევე როგორც სამხრეთში, ტერიტორია გაჯერებულია ნაღმებითა და თავდაცვითი ბარიერებით. მისი თქმით, რუსებს ბევრი დასაყრდენი აქვთ: „ამიტომ, ჩვენი წინსვლა ნამდვილად არ მიდის ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს,“ - ამბობს სირსკი.
თუმცა გენერალი თვლის, რომ უკრაინას უპირატესობა გამოარჩევს. „მე მჯერა, რომ ჩვენი სამხედრო ხელმძღვანელობის ერთიანობა და ჩვენი ჯარისკაცების ერთმანეთისადმი ნდობა ჩვენი არმიის ძლიერი მხარეა“, - აღნიშნავს უკრაინელი გენერალი.
უკრაინა აცხადებს, რომ ბახმუტის სამხრეთით და ჩრდილოეთით თითქმის 30 კვ.კმ (დაახლოებით 12 კვ.მილი) ტერიტორია დაუბრუნა. „მისთვის ბახმუტის ხელახლა დაკავება ასევე „ღირსების საქმეა," - წერს BBC. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა გამოცემასთან განაცხადა, რომ რუსული ძალები ქალაქში მალე ხაფანგში იქნებიან.
გენერალმა სირსკიმ დაადასტურა, რომ აშშ-ის მიერ გაგზავნილი კასეტური საბრძოლო მასალები ახლა უკვე უკრაინაშია და გამოსაყენებლად რამდენიმე დღეში იქნება მზად. გენერალი ამბობს, რომ ქალაქის აღებას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა არ ექნება.
„ჩვენი ხალხი გამარჯვებებს ელოდება, მათ მცირე გამარჯვებები სჭირდებათ," - ამბობს გენერალი სირსკი BBC-სთან ინტერვიუში. ის ხაზს უსვამს, რომ ბახმუტს ასევე აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა, რადგან ეს ერთგვარი კარიბჭეა რეგიონის სხვა საკვანძო ქალაქებისთვის.