ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მოქალაქის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ჩეხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა, პაველ ბლაჟეკმა ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქის, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის პოლად ომაროვის აშშ-ში ექსტრადიციის შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი. იუწყება ადგილობრივი გაზეთი Pravo.

წარმოშობით აზერბაიჯანელი ომაროვის ექსტრადიციის პროცესი უახლოეს დღეებში უნდა განხორციელდეს. მის მიმართ საერთაშორისო ორდერი არსებობს. ომაროვი ჩეხეთში იანვარში დააკავეს და მას შემდეგ ციხეშია. მას აშშ-ში ირანული წარმოშობის ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. 


მაისის ბოლოს პრაღის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა განაჩენი, რომ ომაროვის ექსტრადირება შესაძლებელია შეერთებულ შტატებში, საქართველოსა და ყაზახეთში. ამ ქვეყნებმა ასევე მოითხოვეს მისი ექსტრადიცია, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ მისი ჩეხეთში ექსტრადიცია გადაწყვიტა. ჩეხეთის მთავრობასა და ამერიკელ სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა თავად ჟურნალისტმა, მასიჰ ალინეჯადმაც.


ჩეხური მედიის თანახმად, პოლად ომაროვის ექსტრადიცია ამერიკის შეერთებულ შტატებში უახლოეს რამდენიმე დღეში განხორციელდება. ამერიკულ ციხეში იმყოფებიან მისი თანამზრახველობის ბრალდებით დაკავებული 43 წლის რაფატ ამიროვი და 24 წლის ხალიდ მეჰდიევი. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 40 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.