აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, საჰაერო ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი რამიზ ტაჰიროვი საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსის მოადგილის, გენერალ-მაიორ ზაზა ჩხაიძის ხელმძღვანელობით დელეგაციას შეხვდა.
საქართველოს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფებოდა. ტაჰიროვმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას სამხედრო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სფეროებში. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სტუმრებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია აზერბაიჯანის არმიაში გატარებული წარმატებული რეფორმების შესახებ.
მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ერთობლივი სამხედრო თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების და ორმხრივი ინტერესის სხვა საკითხებზე.