პოლიცია ბერლინის გარეუბანში სავარაუდოდ, ლომს ეძებს

ბერლინის პოლიცია გერმანიის დედაქალაქში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის გარეუბანში ლომს ეძებს.

ექსპერტები მოქალაქეებს ურჩევენ, რომ თუ ლომს გადაეყრებიან, პანიკაში არ ჩავარდნენ.

„გაშეშდით და შემდეგ შეეცადეთ, იპოვოთ უსაფრთხო ზონა - მანქანა ან შენობა“, – ასეთია ექსპერტების რჩევა.

BBC წერს, რომ თავდაპირველად სამართალდამცველებს ლომის შესახებ ინფორმაცია ორმა მოქალაქემ მიაწოდა, რომლებიც ტახზე ნადირობდნენ.


მოგვიანებით Twitter-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ბრანდერბურგის მიწაზე მდებარე ტყეში მყოფი ლომი ჩანს.

მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

ზოოპარკები და ცირკები აცხადებენ, რომ მათ ლომი არ დაუკარგავთ, შესაბამისად, ჯერ უცნობია, საიდან მოხვდა ბერლინთან ახლოს ლომი.

სამძებრო ოპერაციაში ვერტმფრენებიც ჩართეს. პოლიცია ვარაუდობს, რომ ლომს ახლა ტყეში სძინავს.