გერმანია მუშაობს მოკავშირეებთან, რათა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი სარკინიგზო გზით გაზარდოს მას შემდეგ, რაც რუსეთი შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გავიდა.
ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „შიმშილი არ უნდა იყოს გამოყენებული იარაღად."
„მილიონობით ადამიანია დამოკიდებული უკრაინის მარცვლეულზე. ამიტომ გერმანია მუშაობს ყველა თავის საერთაშორისო პარტნიორთან, რათა უზრუნველყოს, რომ პროდუქტი არ დალპეს მარცვლეულის საწყობებში. თავიდანვე მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ უკრაინაში დამატებითი სარკინიგზო ხაზები აშენებულიყო. ახლა ჩვენ ამაზე კიდევ უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ,“ - განაცხადა ბერბოკმა.
17 ივლისს რუსეთის ფედერაციამ მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა და „რისკებით“ დაემუქრა მხარეებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ინიციატივა რუსეთის ფედერაციის მონაწილეობის გარეშე გააგრძელონ. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ რუსეთმა შავ ზღვაში უკრაინის პორტების მისადგომებთან დამატებითი საზღვაო ნაღმები დაამონტაჟა.