კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

კანადამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი რაუნდი  გამოაცხადა, რომლითაც 39 ფიზიკური და 25 იურიდიული პირის მიმართ შემაკავებელ ზომებს აწესებს.

საუბარია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდამჭერებზე, მათ შორის „ვაგნერის“ წევრებზე, რომლებიც აქტიურობდნენ როგორც უკრაინაში, ასევე აფრიკაში, მათ შორის ივან მასლოვი, „ვაგნერ“ ჯგუფის განყოფილების ხელმძღვანელი, რომელმაც ხელი შეუწყო 2022 წლის მარტში, მალიში მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვა-ჟლეტას,“ - იუწყება კანადის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„კანადა სანქციებს უწესებს რუსეთის სამხედრო ინდუსტრიულ კომპლექსთან დაკავშირებულ 20 ფიზიკურ პირსა და 21 სუბიექტს, ასევე, 19 ადამიანს და 4 სუბიექტს რუსეთის კულტურული და საგანმანათლებლო სექტორიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.


გარდა ამისა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, კანადა აწესებს სანქციებს რუსეთის ბირთვული სექტორის ლიდერების წინააღმდეგ, რათა კრემლზე ზეწოლა გაზარდოს.
 
2014 წლის დასაწყისიდან კანადამ რუსეთში, ბელორუსში, უკრაინასა და მოლდოვაში, 2600 ფიზიკური და იურიდიული პირის წინააღმდეგ დააწესა სანქციები. ეს პირები უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას უწყობდნენ ხელს.