რუსეთის ძალები ოდესაში მარცვლეულის ტერმინალებს კალიბრის რაკეტებით დაესხნენ თავს

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია ჰუმენიუკმა განაცხადა, რომ რუსეთი ოდესის ოლქში ტერორს აგრძელებს, წუხელ მტერი ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მარცვლეულის ტერმინალებს დაესხა თავს.

მისი თქმით, „მტერი აგრძელებს ტერორს და ეს ტერორი უდავოდ დაკავშირებულია მარცვლეულის შეთანხმებასთან.“

„ღამით მტერი ოდესის ოლქში თავს დაესხა სასოფლო-სამეურნეო საწარმოს, სადაც მარცვლეულის მარაგის განადგურებას შეეცადა,“ - აღნიშნა ჰუმენიუკმა.

მისივე ინფორმაციით, რუსებმა მარცვლეულის ტერმინალებს „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით დაარტყეს.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის თქმით, ეს ოდესის ოლქზე ბოლო ერთ კვირაში განხორციელებული მეოთხე თავდასხმაა.

ის ადასტურებს, რომ თავდასხმა ერთ-ერთი სასოფლო-სამეურნეო საწარმოს მარცვლეულის ტერმინალებზე მოხდა და 100 ტონა ბარდა და 20 ტონა ქერი განადგურდა.