უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე ოდესაზე, მიკოლაივზე და სამხრეთის სხვა დასახლებებზე თავდასხმების დროს, მხოლოდ ბოლო 4 დღის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის თითქმის 70 რაკეტა და Shahed-ის 90 დრონი გამოიყენა.
„რა თქმა უნდა, ჩვენმა ჯარისკაცებმა მოახერხეს მტრის ზოგიერთი რაკეტისა და დრონის ჩამოგდება და ამისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი ცის თითოეულ დამცველს. სამწუხაროდ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები ჯერ კიდევ არ არის საკმარისი იმისათვის, რომ უკრაინის მთელი ცა დაიცვას“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მუშაობს პარტნიორებთან საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემების მისაღებად, რომლებიც უზრუნველყოფენ ოდესისა და ქვეყნის სხვა ქალაქების დაცვას.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გრძელდება მუშაობა მსოფლიოს მობილიზებისთვის სურსათის უსაფრთხოებისა და ნორმალური ცხოვრების დასაცავად.
„მსოფლიოში არავინ არის დაინტერესებული სურსათის გლობალური ბაზრის განადგურებაში რუსეთის წარმატებით“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთამ, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქვეყნებს, რომლებმაც რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაახანგრძლივეს.
„რუსეთმა და მსოფლიოში ყველამ, ვინც გაბედავს ტერორისტების დახმარებას, უნდა იგრძნოს სანქციების მუდმივად მზარდი ზეწოლა, იქნება ეს ფიზიკური პირები, კომპანიები თუ ქვეყნები“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.