პრაღის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მოქალაქე, რომელიც უკრაინის სანომრე ნიშნებიან მანქანებს აზიანებდა

პრაღის სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელიც უკრაინის სანომრე ნიშნებიანი მანქანების საბურავებს ბურღის საშუალებით აზიანებდა. მსჯავრდადებულს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 100 ათასი ჩეხური კრონის (დაახლოებით 4200 ევროს) გადახდა დაკისრეს. სიძულვილის მოტივით სხვა პირის ქონების დაზიანებისთვის დაკავებულს სამ წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა მოსამართლე ფულადი ჯარიმით შემოიფარგლა.

უკრაინული მედია პრაღის საერთაშორისო რადიოზე დაყრდნობით წერს , რომ მსჯავრდადებულმა პრაღის ორ რაიონში პარკინგზე მდგარი ოცამდე ავტომობილის 35 ბორბალი გახვრიტა.
 
ჩეხეთის პოლიციამ პრაღის მცხოვრები, რომლის ვინაობაც არ სახელდება, მორიგი დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, გასული წლის სექტემბერში დააკავა.

უფრო ადრე ჩეხეთში კაცს, რომელმაც ანტისამთავრობო დემონსტრაციის დროს დააზიანა უკრაინის სანომრე ნიშნის მქონე მანქანა, ექვსი თვით პატიმრობა და ორწლიანი პირობით-გამოსასწორებელი პატიმრობა მიუსაჯეს.