უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაერთიანებულ სამეფოში უკრაინის ელჩის, ვადიმ პრისტაიკოს თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.
BBC წერს, რომ ზელენსკიმ ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, მას შემდეგ მიიღო, რაც ვადიმ პრისტაიკომ ზელენსკის სიტყვებს, რომ შეუძლია, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესს სამხედრო დახმარებისთვის ყოველ დილით მადლობა გადაუხადოს, „არაჯანსაღი სარკაზმი“ უწოდა.
კიევს ელჩის გათავუსუფლების ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებია.
პრისტაიკოს ცოტა ხნის წინ მოუწია თავისი რეპლიკის ახსნა პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის „არაჯანსაღი სარკაზმთან“ დაკავშირებით.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლსმა ვილნიუსში NATO-ს სამიტის ფარგლებში განცხადება გააკეთა და მოუწოდა უკრაინას, ახალი იარაღის მოთხოვნის ნაცვლად, სამხედრო მხარდაჭერისთვის პარტნიორების მიმართ მეტი მადლიერება გამოეხატა.
„ჩვენ შეგვიძლია, ყოველ დილით გავიღვიძოთ და პირადად მადლობა გადავუხადოთ მინისტრს.,“ - განაცხადა საპასუხოდ ზელენსკიმ.
მისი ამ სიტყვების კომენტირებისას პრისტაიკომ ზელენსკის ნათქვამს „არაჯანსაღი სარკაზმი" უწოდა.
უკრაინული მედია წერს, რომ ეს განცხადება ყველა დამკვირვებელმა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მედიამ, პრეზიდენტ ზელენსკის მიმართ კრიტიკად აღიქვა და საელჩოს წინააღმდეგობის შემდეგაც კი, Sky News-მა ელჩის კომენტარი არ წაშალა.
შემდეგ პრისტაიკომ განმარტა, რომ ის ემიჯნებოდა კრიტიკას, მაგრამ რიტორიკა შეარბილა .
„სარკაზმი არ არის საჭირო მეგობარ ქვეყნებს შორის", - აღნიშნა ელჩმა.
2022 წლის 20 ოქტომბერს პრისტაიკო იყო პირველი უცხოელი დიპლომატი, რომელმაც თავისი რწმუნებათა სიგელები დიდი ბრიტანეთის ახალ მეფე ჩარლზ III-ს გადასცა.
პრისტაიკო 2020 წლის 20 ივლისს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა დიდ ბრიტანეთში ელჩად. მანამდე ის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიცე-პრემიერი იყო, უფრო ადრე კი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიცია ეკავა.
2017-2019 წლებში კი, NATO-ში უკრაინის ელჩი იყო.