მედია: ისრაელმა რუსეთს დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტა მოსთხოვა

ისრაელის სპეცსამსახურებმა მოთხოვნით მიმართეს რუსეთის სპეცსამსახურებს, შეწყვიტონ ისრაელის საზოგადოებაში დეზინფორმაციის კამპანია. ამის შესახებ გამოცემა Ynet-ი იტყობინება.

მისივე თანახმად, ისრაელის სეგმენტში პრორუსული პროპაგანდის შემცველი ბევრი ცნობა გაჩნდა ივრითზე.

მსგავსი პუბლიკაციები, ჩვეულებრივ, უკრაინისადმი მხარდაჭერის შეწყვეტისკენ მოწოდებებს შეიცავენ. ასევე ჩნდება პროვოკაციული ცნობებიც, რომლებიც ისრაელის შიდა უთანხმოებებს ეხება პოლიტიკური კრიზისისა და მოსალოდნელი სასამართლო რეფორმის ფონზე. ცნობები ისრაელის მოქალაქეთა დეზინფორმაციის კამპანიის შესახებ სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასობრივი აქციების ფონზე გაჩნდა. ხელისუფლება ქვეყნის სასამართლო სისტემის რეორგანიზაციას ცდილობს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ არსებულ ვითარებას ანტიდემოკრატიულად მიიჩნევს, რადგან სასამართლოს შეუძლია, ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის ქმედებების შეზღუდვა. რეფორმის კრიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს რეფორმა მთლიანად გაუხსნის ხელებს ნეთანიაჰუს მთავრობას, რომელიც თავად არის დადანაშაულებული კორუფციაში სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეში.


ცნბოისთვის, პირველად რუსეთის დაზვერვას გასული წლის ნოემბერში, ისრაელში ბოლო საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაუკავშირდნენ. მაშინ სოციალური ქსელების ისრაელურ სეგმენტში ე.წ. ინტერნეტ ტროლების აქტივობაც შეიმჩნეოდა.