ფინეთი ჰუმანიტარული დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს უკრაინის იმ რეგიონებისთვის, რომლებიც კახოვკის ჰესის განადგურების შედეგად დაზარალდნენ. ინფორმაციას უკრაინული მედია ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უწყების ცნობით, უკრაინამ ხაზი გაუსვა წყალმომარაგების სფეროში დახმარების აუცილებლობას და ფინეთმა ამ თხოვნებზე ეფექტიანი რეაგირება შეძლო.
„ფინეთმა გაუგზავნა უკრაინაში წყლის გამწმენდი მასალები, წყლის კონტეინერები, ტუმბოები და დანადგარები ქვეყნის წყალმომარაგების გასაძლიერებლად. გარდა ამისა, მზადდება წყლის წარმოების მასალებისა და ჩამდინარე წყლების გამწმენდი მოწყობილობების ახალი გადაზიდვები," - ნათქვამია განცხადებაში.
შსს-ს ცნობით, წყალმომარაგების სფეროში გამოცხადებული დახმარების გარდა, ფინეთმა უკრაინას გენერატორები, სასწრაფო დახმარების მანქანები და სხვა აღჭურვილობა გადასცა.
სამინისტროს განმარტებით, ფინეთის ამ დახმარების საერთო რაოდენობამ ივლისში 250 სატვირთო მანქანას გადააჭარბა.
.