უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში რუსული ჯარების შევიწროების დაწყება მოხერხდა მხოლოდ ერთი კვირის წინ - გაცილებით გვიან, ვიდრე ამას კიევი მოელოდა, რადგან მანამდე უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არ გააჩნდათ საჭირო რაოდენობის საბრძოლო მასალა, იარაღი და არ ჰყავდათ სათანადოდ მომზადებული მებრძოლები.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ოპერაციის დაწყების იძულებით შეფერხებამ რუსეთს საშუალება მისცა, დაენაღმა მისთვის საჭირო ტერიტორია და აეგო თავდაცვითი ზღვრები, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ფრონტზე დინამიკა შეიცვლება. ამ თემაზე ზელენსკიმ ასპენის უსაფრთხოების ოთხდღიან ფორუმზე ვიდეჩართვისას ისაუბრა.
უკრაინის პრეზიდენტმა გაიმეორა წინა შეფასება, რომ კონტრშეტევა უფრო ნელა მიმდინარეობდა, ვიდრე მას ისურვებდა, თუმცა აღნიშნა, რომ „უკრაინა უკან არ იხევს.“
„ის თანდათან ათავისუფლებს თავის ტერიტორიებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მე მჯერა, რომ ჩვენ ვუახლოვდებით მომენტს, როდესაც შესაბამის ქმედებებს შეუძლია, კონტრშეტევის ტემპი გაზარდოს. მესმის, რომ უკეთესია დავინახოთ, რომ გამარჯვება უფრო ადრე მოვა. ეს არის ის, რაც ჩვენც გვინდა," - აღნიშნა ზელენსკიმ.
რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.