WP: უკრაინის განაღმვას შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს

ომის ამ წელიწადნახევრის განმავლობაში სახმელეთო ნაღმებმა - აუფეთქებელ ბომბებთან, საარტილერიო ჭურვებთან და სხვა მომაკვდინებელ ნივთიერებასთან ერთად, უკრაინის ტერიტორია დააბინძურეს. Washington Post-ის თანახმად, ასეთი დანაღმული ტერიტორია დაახლოებით ფლორიდის ან ურუგვაის ზომისაა. „უკრაინა გახდა მსოფლიოში ყველაზე დანაღმული ქვეყანა,“ - წერს ამერიკული გამოცემა.

ექსპერტების თქმით, ხსენებული პრობლემის აღმოფხვრას შეიძლება, ათწლეულები და მილიარდობით დოლარი დასჭირდეს.

„უკრაინაში საბრძოლო მასალის დიდი რაოდენობა უპრეცედენტოა ბოლო 30 წლის განმავლობაში,“ - განაცხადა გრეგ კროუტერმა, ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაციის Mines Advisory Group-ის პროგრამების დირექტორმა, რომელიც ნაღმებისა და აუფეთქებელი ჭურვების საერთაშორისო მასშტაბით გაწმენდის საკითხებზე მუშაობს.


„უკრაინის დაახლოებით 30 პროცენტი, 67,000 კვადრატულ მილზე მეტი საჭიროებს შრომატევად, ძვირ და საშიშ გაწმენდით ოპერაციებს,“ - ნათქვამია სლოვაკეთში დაფუძნებული ანალიტიკური ცენტრის GLOBSEC-ის ბოლო მოხსენებაში მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე ბრძოლა ზუსტი კვლევების ჩატარებას შეუძლებელს ხდის.


GLOBSEC-ის შეფასებით, ერთ გამნაღმველს დღეში მხოლოდ 49-დან 82 კვადრატულ ფუტამდე მონაკვეთის გაწმენდა შეუძლია, რაც დამოკიდებულია ასაფეთქებელი ნივთიერებების რელიეფსა და კონცენტრაციაზე.

მაგალითად, კამბოჯა ათწლეულების კონფლიქტის შემდეგ, 30 წლის განმავლობაში ექვემდებარებოდა გაწმენდის ოპერაციებს. კროუტერის შეფასებით, იქ სულ მცირე ხუთი წლის სამუშაო რჩება. კამბოჯაში ნაღმების გამო, ათობით ათასი ადამიანი დასახიჩრდა.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანახმად, 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის ივლისამდე, ომის ნარჩენებმა 298 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა გამოიწვია, 22 ბავშვი და 632 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.

რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს.