უკრაინამ საკუთარი საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიმუშავა

უკრაინამ საკუთარი საშუალო დისტანციის საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიმუშავა და ახლა მისი გამოცდის ეტაპზეა. უკრიანული მედიის ცნობით, ამის შესახებ უმაღლესი რადას წევრმა იეჰორ ჩერნიევმა განაცხადა.

მისივე თქმით, საზენიტო სისტემების ტესტირება ახლა საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს.

ჩერნიევი არის უკრაინის პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვისა და დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მმართველი პარტია „ხალხის მსახურის“ წევრი და NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის თავმჯდომარე.

ჩერნიევმა უარი თქვა უკრაინული იარაღის სახელის დაკონკრეტებაზე იმ მოტივით, რომ ტესტირება მიმდინარეობს, მაგრამ აღნიშნა რომ რაკეტები „მზადაა."

ცნობისთვის, უკრაინამ ამერიკული Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები 2023 წლის აპრილში მიიღო.

რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს.

17 ივლისის შემდეგ, საპორტო ქალაქებზე შეტევები გაძლიერდა, როდესაც რუსეთმა „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლის შესახებ განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, მხოლოდ ჩერნომორსკის პორტში, დაახლოებით 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა.