რომის პაპმა ფრანცისკემ რუსეთის პატრიარქს, კირილს მოსკოვის რომელიმე აეროპორტის ტერიტორიაზე შეხვედრა შესთავაზა. რუსული მედიის ინფორმაციით, კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელი მონღოლეთში გეგმავს ვიზიტს და საწვავის შესავსებად თვითმფრინავი რუსეთის დედაქალაქში დაჯდება.
„აეროპორტი ითვლება სატრანზიტო ზონად, ნეიტრალურად, ეს არ გამოიწვევს წინააღმდეგობას მათთან, ვინც ეწინააღმდეგება პონტიფიკოსის რუსეთში ვიზიტს. თუ ამაზე იქნება პატრიარქის პასუხი, მაშინ ასეთი შეხვედრა, შესაძლოა, 31 აგვისტოს შედგეს პაპის მონღოლეთისკენ მიმავალ გზაზე ან 4 სექტემბერს, უკან დაბრუნების დროს,“ – განაცხადა სტაროვერების მსოფლიო კავშირის თავმჯდომარე, ლეონიდ სევასტიანოვმა.
კომენტარები არ გაკეთებულა არც რუსეთის ეკლესიის და არც ვატიკანის წარმომადგენლების მხრიდან.
რომის პაპი ფრანცისკე და პატრიარქი კირილი მხოლოდ ერთხელ, 2016 წელს, კუბაზე, ჰავანის აეროპორტში შეხვდნენ ერთმანეთს. ეს იყო რომის კათოლიკური და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიების მეთაურთა პირველი შეხვედრა 1054 წლის დიდი სქიზმის შემდეგ, როდესაც ქრისტიანული ეკლესია კათოლიკურ და მართლმადიდებლურად გაიყო. 2022 წლის ივნისში პაპმა ფრანცისკე და პატრიარქმა კირილმა შეხვედრა იერუსალიმში დაგეგმეს, მაგრამ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, აუდიენცია გადაიდო.
რომს პაპმა რუსეთის უკრაინაში შეჭრა დაგმო და ომის შეწყვეტისკენ მოწოდებითაც არაერთხელ გამოვიდა. რუსეთის პატრიარქმა კი, მხარი დაუჭირა რუსეთის აგრესიას. ამის გამო, ის დასავლეთის სანქციების ქვეშაა.