ბლინკენი: რუსეთის მიზანი იყო უკრაინის რუკიდან წაშლა, ეს დიდი ხნის წინ ჩაიშალა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთმა „უკვე წააგო“ ომი იმ თვალსაზრისით, თუ რის მიღწევას ცდილობდა ვლადიმერ პუტინი. ენტონი ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ კიევმა ამჟამინდელი კონტრშეტევით დაიბრუნა მნიშვნელოვანი ტერიტორია, რომელიც მოსკოვმა თავდაპირველად სრულმასშტაბიანი შეჭრისას დაიპყრო.

ბლინკენმა ასეე აღნიშნა, რომ უახლოეს თვეებში მოსალოდნელია ხანგრძლივი, „ძალიან მძიმე ბრძოლა.“

„მიზანი იყო უკრაინის რუკიდან წაშლა, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის აღმოფხვრა, რუსეთის შემადგენლობაში შეყვანა. ეს დიდი ხნის წინ ჩაიშალა,“ - განაცხადა ენტონი ბლინკენმა 23 ივლისს, CNN-თან ინტერვიუში.

ბლინკენმა აღიარა, რომ უკრაინის მისია, დაიბრუნოს მოსკოვის მიერ დაკავებული ტერიტორიები „ძალიან მძიმე ბრძოლა“ იქნება.

მან ივარაუდა, ომი, რომელიც ახლა უკვე 500 დღეზე მეტი ხანია, რაც მიმდინარეობს, რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება.

„რუსებისგან განსხვავებით, უკრაინელები იბრძვიან თავიანთი მიწისთვის, მომავლისთვის, ქვეყნისთვის, თავისუფლებისთვის,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.