რუსული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვში, დღეს დილით, უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით ორ შენობაზე თავდასხმა განხორციელდა,
შენობები, რომლებზედაც თავდასხმა მოხდა, საცხოვრებელი შენობები არ იყო. მერმა ასევე განაცხადა, რომ სერიოზული ზიანი არ დაფიქსირებულა და თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
სერგეი სობიანინის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური.
ამასთან, რუსული "ტელეგრამ" არხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ დრონის ნამსხვრევები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ახლომდებარე შენობასთან აღმოაჩინეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, უკრაინამ ორი დრონის გამოყენებით მოსკოვში მდებარე ობიექტებზე ტერორისტული თავდასხმა სცადა, ორივე დრონი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩაახშვეს. ბოლო პერიოდში მოსკოვი არაერთი ასეთი შეტევის შესახებ აცხადებს. უკრაინა მასში მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს.