აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მოსკოვზე დრონებით თავდასხმა რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებული ომის შედეგია და კრემლს შეუძლია, რომ ის ნებისმიერ მომენტში შეაჩეროს თავისი ჯარების უკრაინიდან გაყვანით. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინე ჟან-პიერმა 24 ივლისს ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იტყობინება Ukrinform-ი.
„ეს არის ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო. მათ დაიწყეს ეს ომი და მათ შეუძლიათ მისი დასრულება. მათ შეუძლიათ დაასრულონ ის ნებისმიერ დროს უკრაინიდან ძალების გაყვანით, მშვიდობიანი მოსახლეობაზე უკრაინის ქალაქებზე სასტიკი თავდასხმების განხორციელების ნაცვლად,“ - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ რუსეთი, ომის დაწყებიდან 15 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ყოველდღე ახორციელებს სასტიკ თავდასხმებს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე.
„რუსეთმა დაბომბა ოდესის პორტი, დაიღუპნენ და დაშავდნენ უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები, მან გაანადგურა იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლი, გაანადგურა ათიათასობით ტონა მარცვლეული, რომელიც განკუთვნილი იყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის”, - აღნიშნა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
მისივე თქმით, შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ გარკვევით განაცხადა, რომ მხარს არ უჭერს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების განხორციელებას. „მაგრამ ჩვენ ასევე ძალიან გარკვევით ვთქვით, რომ ყირიმი ნამდვილად უკრაინაა“, - განაცხადა თეთრი სახლის პრესსპიკერმა.
მოსკოვმა მის ტერიტორიაზე დრონებით შეტევის შესახებ 24 ივლისს განაცხადა და მომხდარში ტრადიციულად უკრაინა დაადანაშაულა. კიევი თავდასხმებში მონაწილეობას ოფიციალურად არ ადასტურებს.