ევროკავშირის ელჩი: გვსურს, საქართველოში სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, დისკუსია გაიმართოს

გვსურს, საქართველოში გაიმართოს დისკუსია სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით და გამოიძებნოს საუკეთესო გამოსავალი ძალიან პროფესიონალური დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისთვის, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

„არ არსებობს ოქროს სტანდარტი, როდესაც საქმე ეხება სასამართლო სისტემას, ევროკავშირშიც მიმდინარეობს დისკუსია კანონის უზენაესობისა და სასამართლო სისტემის რეფორმის შესახებ. გვსურს, რომ ეს დისკუსია საქართველოშიც გაიმართოს და საუკეთესო გამოსავალი მოიძებნოს ძალიან პროფესიონალური დამოუკიდებელი სასამართლო სისტემისთვის და როგორიც არ უნდა იყოს იდეები, მისი განხილვა უნდა მოხდეს საერთაშორისო სტანდარტების შემქმნელებთან, ვენეციის კომისიასთან და „ოდირთან“ ერთად და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ საქართველო იპოვის საუკეთესო გზას წინსვლისთვის, როდესაც საქმე ეხება ძალიან მნიშვნელოვან, ძალიან დახვეწილ და ძალიან რთულ საკითხს, რომელიც არის სათანადო სასამართლო სისტემა“, - აღნიშნა ელჩმა IPN-ის ცნობით.


ცნობისთვის, სასამართლო რეფორმის საკითხზე დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მედიასთან ისაუბრეს.

„რჩება სამი რეკომენდაცია: ერთი ეხება სასამართლო რეფორმებს (უფრო ფართო რეფორმას), ამაზე ჩვენ ვითხოვთ კონკრეტიკას, არ ვიცით, ამაში რა იგულისხმება, ჯერჯერობით, არ უთქვამთ არც ევროკავშირიდან, რას გულისხმობენ უფრო ფართო სასამართლო რეფორმაში. როგორც კი გვექნება კონკრეტიკა ამასთან დაკავშირებით, მაშინვე დაიწყება მსჯელობა. სწორედ იმიტომ ვერ შესრულდა ეს პუნქტი, რომ არ ვიცოდით, რა იგულისხმებოდა მასში კონკრეტულად,“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 25 ივლისს.