WP: პრიგოჟინის „აჯანყების“ პირველ საათებში პუტინი „პარალიზებული“ ჩანდა და მოქმედება არ შეეძლო

Washington Post-ის თანახმად, როდესაც „ვაგნერის“ ბოსი, ევგენი პრიგოჟინი შეიარაღებულ აჯანყებას აწყობდა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 24 ივნისს, დღის განმავლობაში არ გასცემდა ბრძანებას. ამერიკული გამოცემა უკრაინული და ევროპულ დაზვერვის წარმომადგენლებს ციტირებს.

მათივე თანახმად, „აჯანყების დღეს“ პუტინი „პარალიზებული იყო და ვერ მოქმედებდა გადამწყვეტად.“

Washington Post-ისთვის გაზიარებული სადაზვერვო შეფასებების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი რუსეთის სპეც სამსახურებმა წინასწარ გააფრთხილეს, სულ მცირე, ორი-სამი დღით ადრე, რომ პრიგოჟინი ამზადებდა შესაძლო აჯანყებას.

„გადაიდგა ნაბიჯები უსაფრთხოების გასაძლიერებლად რამდენიმე სტრატეგიულ ობიექტზე, მათ შორის კრემლში, სადაც საპრეზიდენტო გვარდიის პერსონალი გაიზარდა, მაგრამ არანაირი სხვაგვარი ქმედება არ განხორციელებულა,“ - განაცხადეს ოფიციალურმა პირებმა ანონიმურობის პირობით.


„როგორც ჩანს, ეს ასევე ავლენს პუტინის შიშს, პირდაპირ დაუპირისპირდეს ამბოხებულ მეომარ მეთაურს, რომელიც ათწლეულზე მეტია, რუსეთის უსაფრთხოების დაწესებულებზე მუშაობდა. პრიგოჟინი გახდა კრემლის გლობალური ოპერაციების განუყოფელი ნაწილი დეზინფორმაციის გამავრცელებელი ტროლების ქარხნებით და ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში გასამხედროებული ოპერაციებით, ვიდრე ოფიციალურად დაიკავებდა მოწინავე პოზიციას რუსეთის მიერ წარმოებულ ომში უკრაინის წინააღმდეგ,“ - წერს ამერიკული გამოცემა.


The Washington Post ასევე ციტირებს რუს მაღალჩინოსანს, რომელსაც რუსეთის დაზვერვის სამსახურებთან აქვს კავშირი. ის მიიჩნევს, რომ პუტინმა რეპუტაცია დაკარგა.

„რუსეთი მაფიის წესებს დაქვემდებარებული ქვეყანაა. პუტინმა კი, უპატიებელი შეცდომა დაუშვა“, - განუცხადა რუსმა ფინანსისტმა Washington Post-ს.