ყაზახური საფეხბურთო გუნდის ქუთაისში ჩამოსვლას სანქცირებული რუსული ავიაკომპანიით გეგმავდა - ავიაციის სააგენტო

ყაზახეთის საფეხბურთო კლუბ „აქტობეს" საქართველოში ჩამოფრენის საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ანმარტავს, რომ თავდაპირველი განაცხადის მიხედვით, ყაზახეთიდან ჩარტერული ფრენას სანქცირებული რუსული ავიაკომპანია (UVT AERO) გეგმავდა, რომელიც არის ევროკავშირის შავ სიაში.
 
სააგენტო აღნიშნავს, რომ საჰაერო ხომალდზე, რომლითაც დაგეგმილი იყო ფრენა, დაწესებულია მწარმოებლის შეზღუდვა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ამ ავიაკომპანიაზე ფრენის ნებართვა არ გასცა.
 
„საფეხბურთო კლუბ აქტობეს საქართველოში ჩამოფრენასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ თავდაპირველი განაცხადის მიხედვით, ჩარტერული ფრენა უნდა განეხორციელებინა რუსულ ავიაკომპანიას (UVT AERO), რომელიც არის სანქცირებული და იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში.
 
ამასთან საჰაერო ხომალდზე, რომლითაც დაგეგმილი იყო ფრენა, დაწესებულია მწარმოებლის შეზღუდვა. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნულ ავიაკომპანიაზე ფრენის ნებართვა არ გასცა.
 
ახალი განაცხადით, რეისს შეასრულებს ყაზახური ავიაკომპანია “SCAT Airlines”-ი, რომელზეც უმოკლეს ვადებში, მომართვიდან ორ საათში გაიცა ნებართვა სააგენტოს მიერ. გაცნობებთ, რომ ჩარტერული ფრენა შესრულდება ხვალ. რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 08:45 საათზე ჩამოფრინდება“, - წერია განცხადებაში, რომელიც Facebook-ზე გავრცელდა.

ჩარტერული რეისის თემაზე განცხადება გამოაქვეყნა ყაზახურმა საფეხბურთო კლუბმა „აქტობემ". 

„26 ივლისს, დილით საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოგვიგზავნეს შეტყობინება ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავის დაჯდომის უარყოფის შესახებ. ქართულ მხარესთან შემდგომმა სასწრაფო მოლაპარაკებებმა დადებითი შედეგი არ გამოიღო. საფეხბურთო კლუბი „აქტობე“ დარჩა სახლში," - აღნიშნული იყო „აქტობეს" განცხადებაში.

UEFA-ს კონფერენსლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ქუთაისის „ტორპედოსა" და „აქტობეს" შორის, 27 ივლისს, 21:00 საათზე ქუთაისში, „შენგელია არენაზე" უნდა გაიმართოს.