რუსეთი უკრაინული იდენტობის განადგურების მცდელობებისას, უკრაინულ კულტურულ მემკვიდრეობას უმთავრეს სამიზნედ მიიჩნევს. ამბობს უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, რომელიც ოთხშაბათს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა ისტორიული ცენტრის დაბომბვის შესახებ.
სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ მოსკოვმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა ოდესის ისტორიულ ცენტრს, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული.
რაკეტები 29 ისტორიულ და კულტურულ ძეგლს მოხვდა, მათ შორის მუზეუმებს, რელიგიურ დაწესებულებებსა და საცხოვრებელ შენობებს. დაზიანდა საბერძნეთის საკონსულოს შენობაც, გასულ კვირას კი - ჩინეთის საკონსულო.
ელჩის თქმით, რუსეთის ფედერაციამ შესაძლოა, სამოქალაქო გემებზე თავდასხმა განახორციელოს და დამატებითი ნაღმები განათავსოს უკრაინის სანაპიროსთან ახლოს არსებულ წყლებში.
„არსებობს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ამზადებს ასეთ ინციდენტებს, რათა შემდეგ უკრაინა დაადანაშაულოს და ხელი შეუშალოს სხვა ქვეყნების გემებს უკრაინის წყლებში შესვლისა და უკრაინის პორტების გამოყენებისგან,“ - განაცხადა კისლიცამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის პორტების ბლოკადა, მათი ინფრასტრუქტურის განადგურება, მარცვლეულის ექსპორტის შეფერხება, ასევე უცხოური სავაჭრო გემების დაშინება უნდა განიხილებოდეს შეტევად ნაოსნობის თავისუფლებაზე.
„ეს ქმედებები ასევე მიზნად ისახავს კონკურენტის ბაზრიდან მოცილებას, სურსათზე გლობალური ფასების მიზანმიმართულად გაზრდას და შემოსავლის მიღებას მილიონობით ადამიანის ხარჯზე მთელ მსოფლიოში,“ - განაცხადა უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში.