ამერიკული გამოცემა New York Times-ი აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინის არმიის სარდლობამ ვაშინგტონს, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვის სამხრეთით შეტევის დაწყების შესახებ აცნობა.
New York Times-ის წყაროების თანახმად, უკრაინამ ოპერაციაში ჩართო საგანგებოდ კონტრშეტევისთვის მომზადებული შენაერთები, რომლებიც აქამდე რეზერვში იყვნენ.
ომის შემსწავლელი ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტი წერს, რომ 26 ივლისიდან უკრაინამ ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვის სამხრეთით კონტრშეტევითი ოპერაცია დაიწყო. ამერიკელი ანალიტიკოსების პროგნოზით, უკრაინის ძალებს შეუძლიათ, ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბრუნონ, თუმცა შეტევა დიდხანს გაგრძელდება.
ამ მიმართულებით რუსეთის თავდაცვის პოზიციების გარღვევის შემთხვევაში, უკრაინას ექნება შესაძლებლობა, წინ წაიწიოს ჯერ ქალაქ ტოკმაკის და შემდეგ ქალაქ მელიტოპოლისკენ.