სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ჯიმ ო’ბრაიენმა სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, რომ ევროინტეგრაცია არის საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც, საქართველოში პოლარიზაცია არ არსებობს.
„მიმდინარე კვირაში, სამოქალაქო საზოგადოების ქართველ აქტივისტთა ჯგუფს შევხვდი. ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფია. ისინი განასახიერებენ ქართველი ხალხის ერთგულებას [ევროპული მომავლის მიმართ]. ქართველი ხალხის 90%-ზე მეტი ამბობს, რომ სურს ევროპის ნაწილი იყოს. ქვეყანაში ამასთან დაკავშირებით, პოლარიზაცია არ არსებობს.“
სენატის მიერ დამტკიცების შემდეგ, სანქციების კოორდინაციის ოფისის ამჟამინდელი ხელმძღვანელი, სახელმწიფო დეპარტამენტში იმ ბიუროს ჩაიბარებს, რომელიც ევროპისა და ევრაზიის მიმართ, შესაბამისად საქართველოს მიმართ, შეერთებული შტატების პოლიტიკას იმუშავებს და ახორციელებს.
ბიურო მხარს უჭერს რეგიონში აშშ-ის ინტერესებს ისეთ საკითხებში, როგორიცაა საერთაშორისო უსაფრთხოება, NATO, ევროკავშირთან და სხვა რეგიონულ ორგანიზაციებთან კოორდინაცია, დემოკრატიის მხარდაჭერა, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო საზოგადოება.