პოლონეთი სარაკეტო ბრიგადას და „HIMARS-ის აკადემიას“ ქმნის

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ 18-წლიანი პაუზის შემდეგ, ქვეყანა პირველ სარაკეტო და საარტილერიო ბრიგადას შექმნის და „HIMARS-ის აკადემიას“  გახსნის.

მინისტრის მიერ შესაბამის გადაწყვეტილებაზე ხელმოწერისას ცნობილი გახდა, რომ ახლად შექმნილი სარაკეტო და საარტილერიო ბრიგადა ორ ქალაქში - ტორუნსა და ოჟიშში განლაგდება. ის იქნება მე-16 მექანიზებული დივიზიის ნაწილი, რომელიც პოლონეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას აიღებს.


მინისტრის თქმით, აკადემიის საშუალებით, პოლონეთი შეძლებს, ითანამშრომლოს მოკავშირეებთან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, რომლებმაც ხსენებული სისტემები ასევე შეიძინეს.

ბლაშჩაკმა გაიხსენა, რომ 2005 წელს პოლონეთმა უარი თქვა საბჭოთა სისტემაზე და ამჟამად ქვეყანა ფლობს HIMARS-ის ტიპის სისტემებს, რომელთა მანძილი 300 კმ-მდეა.


თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთის ხელისუფლების ამოცანაა, არმია აღჭურვოს ისეთი იარაღით, რომელიც ეფექტიანი იქნება აგრესორის შეკავებაში და „აიძულებს რუსეთს, პოლონეთში შეჭრა არ გაბედოს.“

თებერვალში შეერთებულმა შტატებმა პოლონეთისთვის HIMARS-ის სარაკეტო სისტემების მიყიდვა დაამტკიცა. 25 მაისს პოლონეთში HIMARS-ის ტიპის ორი სარაკეტო სისტემა და PATRIOT-ის ტიპის სისტემის ბატარეები ჩაიტანეს.