უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ორგანიზაცია „ქართულ-უკრაინული თანამეგობრობის ალიანსმა" თბილისში თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომლის ფარგლებშიც ალიანსი საერთაშორისო ბიზნესპლატფორმა Nazovni-ს ოფიციალური პარტნიორი გახდა საქართველოში.
თანამშრომლობა მიზნად ისახავს საქართველოსა და უკრაინას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას და კერძო ბიზნესის მხარდაჭერას.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ოლექსანდრ შულგამ ხაზი გაუსვა უკრაინასა და საქართველოს შორის სავაჭრო, სამრეწველო და კულტურული კავშირების მდიდარ ისტორიას და ორ სახელმწიფოს შორის ვაჭრობის ომამდელი დონის აღდგენის აუცილებლობას.
საელჩოში ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და უკრაინისა და საქართველოს საზღვაო პორტებს შორის პირდაპირი საბორნე მიმოსვლის შეჩერების მიუხედავად, უკრაინელი მწარმოებლები დაინტერესებულნი არიან ქართულ ბაზარზე შემოსვლით და აქტიურად იყენებენ NAZOVNI-ის ინსტრუმენტთა კომპლექტს.
„აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერა მნიშვნელოვან პერსპექტივებს უხსნის ორმხრივი სავაჭრო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ორი ქვეყნის ბიზნეს წრეებს შორის დიალოგის გააქტიურებას, ქმნის ახალ შესაძლებლობებს უკრაინელი ექსპორტიორებისთვის ქართულ ბაზარზე B2B კონტაქტების აღორძინებით და იძლევა შესაძლებლობას, გააფართოოს უკრაინული პროდუქციის წარმომადგენლობა საქართველოში წამყვანი საცალო ქსელების თაროებზე.
ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პლატფორმა NAZOVNI-ის მუშაობისა და მისი ინსტრუმენტების პრეზენტაცია, რომელიც ასევე შეიძლება, გამოადგეს ქართულ ბიზნესს, რომელიც დაინტერესებულია უკრაინული საქონლისა და სერვისების შეძენით“, - აცხადებს უკრაინის საელჩო.