„მოლდოვის ფოსტამ“ რუსეთში მიწოდების ყველა სერვისი დროებით შეაჩერა

სახელმწიფო საწარმო „მოლდოვის ფოსტამ“ რუსეთში მიწოდების ყველა სერვისი დროებით შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაცია საწარმოს ვებგვერდზე განთავსდა.

„Posta Moldovei-ს ყველა სერვისი (ექსპრეს ფოსტის სერვისი, წერილები, ამანათები) რუსეთის ფედერაციაში შეჩერებულია 2023 წლის 28 ივლისიდან ამ მიმართულებით ფოსტის გაგზავნის შეუძლებლობის გამო. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ვიპოვოთ გადაწყვეტილებები და რუსეთის ფედერაციაში ფოსტის მიღებისა და გაგზავნის პროცესი, რაც შეიძლება მალე განახლდეს,“ - ნათქვამია განცხადებაში.


„მომსახურების განახლების შესახებ დამატებით გამოცხადდება,“ ნათქვამია Posta Moldovei-ს განცხადებაში.

ამასთან, მოქალაქეებს კვლავ შეუძლიათ მიიღონ წერილები და ამანათები, რომლებიც გაგზავნილია რუსეთიდან მოლდოვაში.


გასულ წელს და მიმდინარე წლის მაის-ივნისში Posta Moldovei-ს უკვე ჰქონდა პრობლემები რუსეთში ფოსტის მიწოდებასთან დაკავშირებით.

პრობლემის მოგვარებას ორი-სამი კვირა დასჭირდა. ამჟამად მოლდოვასა და რუსეთის ქალაქებს შორის პირდაპირი ფრენები არ სრულდება. მოლდოვური ავიაკომპანია Fly One ერევნის გავლით დაფრინავს.