ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ დონეზე გადადის. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანში ყაზახეთის ელჩის, ალიმ ბაიელისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრ, მიქაილ ჯაბაროვის შეხვედრისას ისაუბრეს.
დიპლომატმა ხაზი გაუსვა ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის, ალიხან სმილოვის ვიზიტს, რის შემდეგაც 11 ერთობლივ დოკუმენტს მოეწერა ხელი.
თავის მხრივ, მინისტრმა გამოთქვა აზერბაიჯანის მზადყოფნა, უმოკლეს დროში განახორციელოს ისეთი პროექტები, როგორიცაა ყაზახეთში აწყობილი სარკინიგზო ლოკომოტივების მიწოდება აზერბაიჯანისთვის და აზერბაიჯანული გემების მიწოდება ყაზახეთისთვის.
მან ხაზი გაუსვა შუა დერეფნის დიგიტალიზაციისა და სატრანსპორტო-ლოგისტიკის „ერთი გაჩერების სერვისის“ შექმნის მნიშვნელობას.
მიქაილ ჯაბაროვმა ასევე შესთავაზა ყაზახეთს, განიხილოს როგორც კასპიის აუზში, ასევე სხვა რეგიონებში ნავთობისა და გაზის პროექტებში ორივე ქვეყნის მონაწილეობის შესაძლებლობა. აზერბაიჯანის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ყაზახეთი მარცვლეულის საიმედო მწარმოებელი და მიმწოდებელია.
2023 წლის იანვარ-მაისში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანს შორის სავაჭრო ბრუნვა 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 50%-ით - 162,5 მილიონი დოლარიდან 243,6 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
2023 წლის დასაწყისიდან შუა დერეფნის გავლით საქონლის მიწოდებამ ერთ მილიონ ტონას გადააჭარბა, რაც 64%-იანი ზრდაა.