პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციური დაწესებულება გუშინვე დატოვა, ხოლო ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
მედიის ცნობით, 28 ივლისს სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებულ 11 მსჯავრდებულს შორის არიან ძმები თამაზ და თორნიკე ჭელიძეები, რომლებიც ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე 2021 წლის აპრილში დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, მათ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუმათთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. აქციაზე კიდევ შვიდი ადამიანი დააკავეს.
ძმებ ჭელიძეებს 4-წლიანი პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი. მათ საპატიმრო ორწელიწადნახევრის შემდეგ დატოვეს. სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, ქართულ მედისაშუალებებს განუცხადეს, რომ შეწყალებას არ ელოდნენ.