უკრაინის კულტურის სამინისტროს განცხადებით, კიევში ძეგლზე - „სამშობლო“ საბჭოთა სიმბოლიკის დემონტაჟი დაიწყო. სიმბოლოები უკრაინის გერბით ჩანაცვლდება. ეს პროცესი სავარაუდოდ, 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დასრულდება.
არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სახელმწიფო ინსპექციამ 13 ივლისს გამოაცხადა, რომ კიევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობის ემბლემის შეცვლის შესახებ ნებართვა გასცა.
როგორც ინსპექცია განმარტავს, ეს ცვლილება უკრაინაში დეკომუნიზაციის პროცესის ნაწილია. 2015 წლის აპრილში უკრაინის პარლამენტმა საბჭოური სიმბოლოების უმეტესობა კანონგარეშედ გამოაცხადა.
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის მრავალი ქალაქის ხელისუფლებამ, რუსეთთან ან საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებული ძეგლების დემონტაჟი გადაწყვიტა.
ცნობისთვის, ძეგლი კიევში, მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე, უკრაინის ისტორიის მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარეობს,. ქალის ფიგურის სიმაღლე 62 მეტრია (102 მეტრი კვარცხლბეკით), ეს არის ყველაზე მაღალი ქანდაკება უკრაინაში და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მონუმენტი მსოფლიოში.
აშენდა 1981 წელს, ძეგლის გახსნაში, მაშინდელი საბჭოთა ლიდერი, ლეონიდ ბრეჟნევი მონაწილეობდა.