იტალია ჩინეთის „ერთი - სარტყელი და გზის ინიციატივიდან (BRI), ჩინეთთან ურთიერთობების დაზიანების გარეშე უნდა გამოვიდეს. ამის შესახებ იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ განაცხადა.
„ჩინეთი კონკურენტია, მაგრამ ის ასევე პარტნიორია. კითხვა ახლა იმაში მდგომარეობს, თუ როგორ გამოვიდეთ ინიციატივიდან პეკინთან ურთიერთობების დაზიანების გარეშე“, - განაცხადა კროზეტომ.
იტალიის თავდაცვის მინისტრის შეფასებით, „იტალიის მიერთება ხსენებულ ინიციატივასთან, ჯუზეპე კონტეს მთავრობის მიერ ექსპრომტად მიღებული გადაწყვეტილება იყო, რომაც ორმაგი ნეგატიური შედეგი გამოიწვია.
„ჩვენ ექსპორტზე გავიტანეთ ბევრი ფორთოხალი ჩინეთში და სამ წელიწადში გავასამმაგეთ ჩინური ექსპორტი იტალიაში,“ - აცხადებს იტალიის თავდაცვის მინისტრი.
კროზეტოს კომენტარი პირველი დადასტურებაა იმისა, რომ რომი ჩინეთის პროექტიდან გასვლას გეგმავს.
იტალიის ამ გადაწყვეტილების შესახებ La Republica რამდენიმე დღის წინ წერდა. გამოცემა ასევე წერდა, რომ 27 ივლისს, თეთრ სახლში შეხვედრაზე, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი სავარაუდოდ, ბაიდენისგან ელოდებოდა წინადადებებს ალტერნატიულ პროექტებზე.
2019 წელს იტალია გახდა G7-ის პირველი ქვეყანა, რომელიც ჩინეთის გლობალურ ინფრასტრუქტურულ პროგრამას შეუერთდა.
ინიციატივა მასშტაბური სატრანსპორტო-ლოგისტიკური პროექტის განხორციელებას გულისხმობს, რომლითაც ჩინეთი და დასავლეთ ევროპის ქვეყნები ერთმანეთს დაუკავშირდებიან, თუმცა იდეის კრიტიკოსები მას ჩინეთის ხელისუფლების ინსტრუმენტად მიიჩნევენ, რომლითაც პეკინი საკუთარი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის გავრცელებას ეცდება.