გაეროს კულტურული სააგენტოს განცხადებით, ვენეცია უნდა დაემატოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიას, რომლებიც საფრთხეშია. სააგენტოს თანახმად, იტალიის ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული ქალაქისა და მისი მიმდებარე ლაგუნის დასაცავად.
Unesco-ს რეკომენდაციით, ვენეციას შეუქცევადი ზიანი ემუქრება რიგი საკითხების გამო, დაწყებული კლიმატის ცვლილებიდან მასობრივი ტურიზმით დამთავრებული.
„ზოგიერთმა ამ გრძელვადიანმა პრობლემამ უკვე გამოიწვია სიტუაციის გაუარესება,“ - აღნიშნავს გაეროს სააგენტო და მაგალითად ასახელებს მაღალსართულიან შენობებს. მისივე თანახმად, იტალიას არ მიუღწევია „მნიშვნელოვან პროგრესს“ ამ მიმართულებით.
ვენეცია ერთ-ერთია მსოფლიო მემკვიდრეობის 53 ძეგლიდან, რომელსაც Unesco სავარაუდოდ, საფრთხის ქვეშ მყოფად გამოცხადდეს. კომიტეტმა გადაწყვეტილება 10-დან 25 სექტემბრამდე რიადში გამართულ შეხვედრაზე უნდა მიიღოს.
ვენეცია Unesco-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1987 წელს შეიტანეს. ბოლო წლებში, ქალაქის მდგომარეობა ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევს.
ორგანიზაცია ანალოგიური რეკომენდაციით 2021 წელსაც გამოვიდა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება არ მიიღეს: რამდენიმე კვირით ადრე იტალიამ დიდ საკრუიზო გემებს ქალაქის ცენტრში შესვლა აუკრძალა.