საფრანგეთმა შესაძლოა, რუსეთს მსოფლიოში იარაღის მეორე ექსპორტიორის ადგილი ჩამოართვას - France 24

France 24-ის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებულმა ომმა, უარყოფითი გავლენა მოახდინა რუსული იარაღის გლობალურ გაყიდვაზე. ამ მხრივ, იზრდება მოლოდინი, რომ საფრანგეთს შეუძლია, მსოფლიოში სამხედრო პროდუქციის ექსპორტიორებში მეორე ადგილი დაიკავოს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი ამ პოზიციას დაკარგავს. პირველი ადგილი აშშ-ს ეკუთვნის.


2018 წლიდან 2022 წლამდე საფრანგეთის წილი იარაღის გლობალურ ვაჭრობაში, წინა ოთხწლიანი პერიოდის 7,1 პროცენტიდან, 11 პროცენტამდე გაიზარდა. ეს სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის  - SIPRI-ის მონაცემებია. იმავე პერიოდში რუსეთის წილი იარაღის საერთაშორისო ვაჭრობაში 22 პროცენტიდან 16 პროცენტამდე დაეცა.

2022 წელს და 2023 წლის დასაწყისში იარაღის წარმოების შეკვეთები კი, საფრანგეთის სასარგებლოდ სტაბილურ ზრდაზე მიუთითებს.  ეს შესამჩნევი იყო ჯერ კიდევ დელისა და პარიზს შორის კონტრაქტის ხელმოწერამდე, რომელიც ფრანგული Rafale-ის ტიპის მოიერიშეების ინდოეთში მიწოდებას გულისხმობს.

SIPRI-ის მკვლევრების თანახმად, საფრანგეთი ამჟამად 210 მრავალფუნქციური გამანადგურებლის შეკვეთას იღებს, ხოლო რუსეთს შეკვეთების სიაში მხოლოდ 84 საბრძოლო თვითმფრინავი აქვს.