Reuters-ის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გაეროში ყველა ქვეყანას მოუწოდა, უთხრან რუსეთს, შეწყვიტოს შავი ზღვის შანტაჟისთვის გამოყენება.
ბლინკენმა 15-წევრიან საბჭოს განუცხადა რომ „შიმშილი იარაღად არ უნდა იყოს გამოყენებული", და გაეროს წევრ ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთს უთხრან, რომ მათთვის უკვე საკმარისია მოსკოვის ქმედებები.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, თითქმის 90-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი აშშ-ის მიერ შემუშავებულ კომუნიკეს, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი ვალდებულნი არიან, „მიიღონ ზომები, რათა შეწყვიტონ საკვების, როგორც ომის იარაღის გამოყენება და მშვიდობიანი მოსახლეობის შიმშილის, როგორც ომის ტაქტიკის გამოყენება“.
ამასთან, აშშ 362 მილიონი დოლარის ღირებულების ახალ დაფინანსებას გამოყოფს აფრიკის 11 ქვეყნისთვის და ასევე, ჰაიტიში სასურსათო დაუცველობის მამოძრავებლების დასაძლევად და მდგრადობის გასაძლიერებლად.
„გაეროს ყველა წევრმა უნდა უთხრას მოსკოვს – საკმარისია, კმარა შავი ზღვის შანტაჟისთვის გამოყენება. კმარა მსოფლიოს ყველაზე დაუცველი ადამიანების გამოყენება. კმარა ეს გაუმართლებელი, არაკეთილსინდისიერი ომი,“ – განაცხადა ბლინკენმა.