დანილოვი: კიევი არ აპირებს, მტრის სამხედრო სამიზნეების განადგურების ნებართვა ვინმეს სთხოვოს

კიევი არ აპირებს, ვინმეს სთხოვოს მტრის სამხედრო სამიზნების განადგურების ნებართვა. ამის შესახებ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა უკრაინულ რადიოსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც ჩავთვლით საჭიროდ,  რომ პირველ რიგში, საკვები პროდუქტები მივაწოდოთ მსოფლიოს და მეორეც, უზრუნველვყოთ ჩვენი ეკონომიკური კომპონენტი ჩვენი სოფლის მეურნეობის მწარმოებლებისთვის,“ - განაცხადა ოლექსი დანილოვმა.


ცნობისთვის, „უკრაინსკა პრავდა“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე დრონებით შეტევა უკრაინის სპეცოპერაცია იყო.

წყაროებისვე ცნობით, შავ ზღვაში, ნოვოროსიისკის უბეში, სპეცოპერაცია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა და სამხედრო-საზღვაო ძალებმა ჩაატარეს. მისივე ცნობით, 450 კილოგრამი ტროტილით დატვირთული წყალზედა დრონით დააზიანეს რუსეთის დიდი სადესანტო გემი - „ოლენოგორსკი გორნიაკი“, რომელზეც ეკიპაჟის 100-მდე წევრი იმყოფებოდა.

წყარო ამბობს, რომ დაზიანების გამო, გემი საბრძოლო ამოცანების შესრულებას ვეღარ შეძლებს.


4 აგვისტოს დილით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წინა ღამით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ორი უეკიპაჟო კატერით (საზღვაო დრონი) ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე შეტევა სცადეს. რუსეთი ამტკიცებდა, რომ კატერები ბაზის დამცველმა სამხედრო გემებმა გაანადგურეს.

„უკრაინსკა პრავდას“ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში წყარომ განუმარტა, რომ რუსეთის განცხადება შეტევის მოგერიების შესახებ, სიყალბეა.