უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსული ბომბი ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში სისხლის გადასხმის ცენტრს მოხვდა, რის შედეგადაც დაიღუპა და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.
„მხოლოდ ეს ომის დანაშაულიც ყველაფერს ამბობს რუსეთის აგრესიაზე. ტერორისტების დამარცხება ღირსების საკითხია ყველასთვის, ვინც სიცოცხლეს აფასებს,” - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, თავდასხმა 5 აგვისტოს, დაახლოებით 20:20 საათზე მოხდა.
„რუსები კუპიანსკის რაიონის სოფელ კრუგლიაკოვკაში არასაცხოვრებელ კორპუსს მართვადი საჰაერო ბომბით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა,“ განაცხადა სინეგუბოვმა.
უკრაინული მედიის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის ძალებმა ბოგოდუხოვსკის, ხარკოვის, ჩუგუევსკის, იზიუმსკის და კუპიანსკის რაიონების დასახლებები დაბომბეს.