საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხის გამო, შოვში, სტიქიის ზონაში ვერ ჩავიდა.
მისივე თქმით, უწყება არის სრულად მობილიზებული.
„ბატონ ვახტანგს აქვს ოჯახის წევრის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საკითხი, ის ფიზიკურად აქ არ არის, თუმცა ყველაფერში ჩართულია და მთლიანად ამ უწყებაზე დგას დღეს მთელი სამაშველო ღონისძიებები. ვხედავთ მაშველები როგორ მუშაობენ, ტექნიკა. უწყება არის სრულად მობილიზებული," - განუცხადა პაპუაშვილმა მედიას შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.
ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. შსს-ს ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. უწყების ცნობით, უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 200-ზე მეტი ადამიანი. 7 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა.