უკრაინა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აშშ-ის დახმარების ყველაზე დიდი მიმღებია

აშშ-მ უკრაინას საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, 60 მილიარდ დოლარზე მეტი მოცულობის ფინანსური დახმარება გაუწია, რაც კიევს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ვაშინგტონის დახმარების ყველაზე დიდ მიმღებად აქცევს. ამის შესახებ The Washington Post-ი პენტაგონისა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობებზე დაყრდნობით წერს.

უკრაინამ აშშ-სგან 66,2 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება მიიღო, საიდანაც 43 მილიარდ დოლარზე მეტი პირდაპირი სამხედრო დახმარების სახით გამოიყო.

ვაშინგტონმა კიევს პენტაგონის მარაგებიდან 23,5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო ტექნიკა გაუგზავნა და უკრაინის მხარდასაჭერად გრძელვადიანი ვალდებულებები აიღო. 


შეერთებულმა შტატებმა ასევე გამოყო დაახლოებით 20,5 მილიარდი დოლარის მოცულობის ეკონომიკური დახმარება და უკრაინას 2,6 მილიარდი დოლარი ჰუმანიტარული დახმარების სახით გადასცა.

ბრუკინგსის ინსტიტუტის წარმომადგენელმა, მაიკლ ო’ჰენლონმა განაცხადა, რომ „მარშალის გეგმის“ მიხედვით, ევროპულმა ქვეყნებმა სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 150 მილიარდი დოლარი მიიღეს.

შედარებისთვის, შეერთებულმა შტატებმა ისრაელს 2022 და 2023 წლებში $8.6 მილიარდი გადაურიცხა, ეგვიპტეს - $3.3 მილიარდი და იორდანიას - $2.9 მილიარდი. კიევისთვის ფინანსური დახმარების უმსხვილესი დონორები ბალტიისპირეთის ქვეყნები იყვნენ. კიევის მხარდასაჭერად ესტონეთმა მთლიანი შიდა პროდუქტის 1,26% დახარჯა, ლატვიამ - 1,09%, ლიეტუვამ - 0,95%. აშშ ამ რეიტინგში მე-12 ადგილზეა და უკრაინის დახმარებაზე მშპ-ს 0,33%-ს ხარჯავს.