SBU-ს განცხადებით, დააკავეს რუსი ინფორმატორი ქალი, რომელიც მიკოლაივის რეგიონში ზელენსკის ვიზიტის დროს, საჰაერო თავდასხმას ამზადებდა

უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, დააკავეს რუსი ინფორმატორი ქალი, რომელიც მიკოლაივის რეგიონში უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის დროს საჰაერო თავდასხმას ამზადებდა. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ინფორმატორი ქალი ვიზიტის წინ სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა, მათ შორის, ზელენსკის გადაადგილების სავარაუდო მარშრუტზე.

უწყების ინფორმაციით, ქალი ოჩაკოვის რაიონში ცდილობდა უკრაინის შეიარაღებული ძალების რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემებისა და საბრძოლო მასალის მდებარეობის იდენტიფიცირებას, „რუსი კურატორების“ დავალებით. უსაფრთხოების სამსახური აღნიშნავს, რომ საფრთხის შესახებ ინფორმაცია დროულად მიიღეს, რის საფუძველზეც ზელენსკის ვიზიტის დროს უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს.


ქალ მას ბრალი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 114-2 მუხლით წაუყენეს, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიმართულების, იარაღის და საბრძოლო მასალის, უკრაინის შეიარაღებული ძალების გადაადგილების, ან განლაგების შესახებ ინფორმაციის უნებართვო გავრცელებას გულისხმობს.

მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და თავისუფლების 12 წლით აღკვეთა ემუქრება. გამოძიების პროცესში შესაძლოა, ბრალდება შეიცვალოს.