დიდმა ბრიტანეთმა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციების სიაში 19 პირი და ორგანიზაცია შეიყვანა. ამის შესახებ BBC წერს.
კერძოდ, სანქცირებულთა შორისაა Orsha-ს თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა და ბორისოვის ელექტრონული იარაღის სარემონტო ქარხანა.
ანტირუსული სანქციების ფარგლებში სანქციები დაესკისრა რამდენიმ ირანელ ფიზიკურ პირსა და სუბიექტს. ესენი არიან დრონების მწარმოებელი კომპანია Paravar Pars Company და თავად კომპანიის ხელმძღვანელები. სიას ასევე დაემატა რამდენიმე ნაკლებად ცნობილი ფირმა და კერძო პირი თურქეთში, დუბაიში, სლოვაკეთსა და შვეიცარიაში, რომლებსაც ბრიტანეთის ხელისუფლება სანქციების გვერდის ავლის სქემების მონაწილეებად მიიჩნევს.
„დღევანდელი სანქციები მნიშვნელოვანი ეტაპია და კიდევ უფრო შეამცირებს რუსეთის არსენალს და გაამკაცრებს მიწოდების ქსელს, რომელიც მხარს უჭერს პუტინის სამხედრო ინდუსტრიას“, - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ.
ცნობისთვის, დასავლეთი რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო მძიმე სანქციებს უწესებს. სანქციები ასევე ეხება მოსკოვის მოკავშირეს და რუსეთის მიერ წარმოებული ომის მხარდამჭერ ბელორუსს.