დიდმა ბრიტანეთმა უზბეკეთის ექსპრეზიდენტის შვილს $25,4 მილიონის ქონება ჩამოართვა

უზბეკეთის პრეზიდენტის ქალიშვილს, გულნარა ქარიმოვას დიდ ბრიტანეთში ქონება ჩამოერთვა. ანტიკორუფციული სააგენტოს ცნობით, ეს არის ორი ბინა ბელგრავიაში და სასახლე სურეიში.

თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამთავრობო ბიუროს ცნობით, ლონდონის სასამართლომ აღიარა, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლით იყო შეძენილი.

უწყებამ სარჩელი ქარიმოვას ბრიტანული აქტივების ჩამორთმევის შესახებ, 2018 წლის ოქტომბერში შეიტანა. დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ეს სარჩელი 8 აგვისტოს დააკმაყოფილა. ჩამორთმეული ქონების ღირებულება 20 მილიონ ფუნტზე მეტს (25,4 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს.


სააგენტოს ცნობით, ქარიმოვამ 2004-2012 წლებში სატელეკომუნიკაციო კომპანიებისგან ასობით მილიონი დოლარის ქრთამი მიიღო უზბეკეთის ბაზარზე შესვლის სანაცვლოდ. ტაშკენტის საქალაქო სასამართლომ გულნარა ქარიმოვას 2020 წლის მარტში 13 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ახლა უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის ქალიშვილი სასჯელს კოლონიაში იხდის.


ზოგიერთი წყაროს ცნობით, გულნარა ქარიმოვა უზბეკეთის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლებოდა და გავრცელდა ინფორმაცია, რომ მას ჰქონდა ამბიციები, მამის მემკვიდრე გამხდარიყო.

შვეიცარიაში, საფრანგეთში, აშშ-სა და სხვა ქვეყნებში, გულნარა ქარიმოვას ქონება თითქმის 1,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.


„უზბეკეთის მთავრობა ცდილობს მათი ნაწილის დაბრუნებას,“ - იუწყება თავის მხრივ, რადიო თავისუფლების უზბეკური სამსახური.

გულნარა ქარიმოვა უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის, ისლამ ქარიმოვისფროსი ქალიშვილია. 2015 წელს, სანამ მამამისი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, ქალს კორუფციის ბრალდებით, ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.