რუსეთის ძალების სარაკეტო დარტყმის შედეგად, ზაპოროჟიეში ორი ადამიანი დაიღუპა

რუსი ოკუპანტების მიერ ზაპოროჟიეს დაბომბვის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრი ავრცელებს.

თავის მხრივ, პრეზიდენტ ზელენსკის თქმით, „მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.“

„ზაპოროჟიე. რუსი ტერორისტების კიდევ ერთი დარტყმა. ჩემი სამძიმარი დაღუპულთა ახლობლებს… და რუსეთს ამ სამხედრო დანაშაულისთვის აუციებლად მიეზღვება. რუსი ტერორისტებისთვის პასუხი ფრონტზე იქნება - ჩვენი გმირი მებრძოლების წყალობით,“ - წერს  ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე.

საჰაერო თავდასხმის სირენა ოლქში დაახლოებით 19:45 საათზე ჩაირთო. ცოტა ხნის შემდეგ ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იური მალაშკომ „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ რუსეთის ძალებმა ქალაქის შევჩენკოვსკის რაიონში მდებარე ეკლესიასა და მაღაზიებს დაარტყეს. 

აფეთქებამ ასევე დააზიანა რამდენიმე მაღალსართულიანი შენობის ფანჯრები. მალაშკოს თქმით, დარტყმის შედეგად რამდენიმე მცხოვრები დაიჭრა და მათ სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. მათი ზუსტი რაოდენობა უცნობია. განახლება: უკრაინის შს მინისტრმა დააზუსტა, რომ დაშავებულია შვიდი ადამიანი.