გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ოთხშაბათს დააკავა ბუნდესვერის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები) ოფიცერი, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაშია ეჭვმიტანილი.
გამოძიების ცნობით, 2023 წლის მაისში ბრალდებულმა რუსეთის ფედერაციის გენერალურ საკონსულოს ბონში და რუსეთის საელჩოს ბერლინში, თანამშრომლობის წინადადებით რამდენჯერმე მიმართა.
ოთხშაბათს გერმანიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ ეჭვმიტანილის დაპატიმრების ორდერი გასცა. გარდა ამისა, გერმანიის კრიმინალური პოლიციის გამომძიებლებმა ბრალდებულის ბინასა და სამუშაო ადგილზე ჩხრეკა ჩაატარეს.
„გამოძიება ჩატარდა ფედერალურ სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურთან და კონსტიტუციის დაცვის ფედერალურ სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობით,“ - ნათქვამია გერმანიის გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
Reuters-ი წერს, რომ გერმანია, რომელიც უკრაინის სამხედრო ტექნიკის ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელია, რუსული ჯაშუშური ოპერაციების მთავარი სამიზნეა. ამ სახის საფრთხე მასშტაბური გახდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.