სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: Belavia-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით, ივნისიდან შეიზღუდა, შევისწავლით ახალ სანქციებს

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, აშშ-ის მიერ ბელორუსის ეროვნული ავიაკომპანიის დასანქცირებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია Belavia-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით. შესაბამისად, ავიარეისები ამ ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით სრულდება, 

ამასთან, აღნიშნავენ, რომ სააგენტო შესაბამის უწყებებთან ერთად შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების მიერ ავიაკომპანია Belavia-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაბამისი რეაგირება.


„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მგზავრთა, ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე, მუდმივად ახორციელებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციების და სამოქალაქო ავიაციის მწარმოებელი კომპანიების მიერ დაწესებული სანქციებისა თუ შეზღუდვების მონიტორინგს.

სწორედ მწარმოებლის მიერ დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის ივნისიდან შეზღუდა ავიაკომპანია Belavia-ს საქართველოში ოპერირება Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით. შესაბამისად, ავიარეისები აღნიშნული ავიაკომპანიის მიერ საქართველოს მიმართულებით სრულდება Embraer-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით.


სააგენტო, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, დეტალურად შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის განყოფილების მიერ ავიაკომპანია Belavia-ს მიმართ დაწესებულ ახალ სანქციებს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება შესაბამისი რეაგირება,“ -აღნიშნულია განცხადებაში.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ოთხ ბელარუსულ იურიდიულ პირსა და ბელარუსის 8 მოქალაქეს სანქციები დაუწესა. სანქციების სიაში ავიაკომპანია „ბელავია,“ მინსკის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა და ერთი სამოქალაქო ავიალაინერიც შედის.


ბელორუსში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წლისთავთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა მინსკის წინააღმდეგ სანქციების სიას კიდევ რვა ფიზიკური და ხუთი სუბიექტი დაუმატა. განაცხადა აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა 9 აგვიტოს.

როგორც ცნობილია, „შავ სიას“ ასევე დაემატა ბელორუსის ეროვნული ავიაკომპანია „ბელავია,“ ბელორუსის სახელმწიფო კონტროლის კომიტეტის ფინანსური გამოძიების დეპარტამენტი და მინსკის სამოქალაქო ავიაციის ქარხანა. ბელორუსის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები საერთაშორისო საზოგადოებამ გაამკაცრა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის თანამონაწილედ მიიჩნიეს.