ინდოეთი, იაპონია, აშშ და ავსტრალია საზღვაო წვრთნებს გამართავენ

ინდოეთი, იაპონია, შეერთებული შტატები და ავსტრალია საზღვაო წვრთნებს გამართავენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მისივე ცნობით, სწავლება ხაზს უსვამს რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის უთანხმოების დროს.

ვიცე-ადმირალმა კარლ თომასმა, აშშ-ის საზღვაო ძალების მეშვიდე ფლოტის მეთაურმა, ხუთშაბათს სიდნეიში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ წვრთნები რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული და ის ოთხი ქვეყნის ერთად მოქმედების უნარების გაუმჯობესებას ემსახურება.

 ოთხი ქვეყნის გემებს შეუერთდება ავსტრალიური F-35-ის ტიპის გამანადგურებელი თვითმფრინავები, ასევე P-8 სათვალთვალო თვითმფრინავები და წყალქვეშა ნავები.


ავსტრალია მალაბარის წვრთნებს აშშ-ს, იაპონიისა და ინდოეთის ჩართულობით, 2020 წლის ნოემბერში შეუერთდა. წვრთნები, რომელიც 1992 წლიდან ტარდება, თანდათან გაიზარდა და უფრო მეტად კომპლექსური გახდა.