სტანო: თუ ბიზნესის კეთება გსურთ, რუსეთი შესაფერისი ადგილი არ არის

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ მიღებული ყველა ზომა პარტნიორებთან, უცხოელ ინვესტორებთან და კომპანიებთან მიმართებით, მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად არასანდო, არაპროგნოზირებადი და გაუმჭვირვალე პოტენციური ეკონომიკური პარტნიორია რუსეთი.

„რუსეთი აკეთებს ყველაფერს თავისი ამჟამინდელი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად, რითაც მსოფლიო საზოგადოებაში აძლიერებს მისი, როგორც არასანდო ეკონომიკური და ბიზნეს პარტნიორის იმიჯს. ეს არის კიდევ ერთი სიგნალი გარე სამყაროსთვის, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის: თუ ნამდვილად გსურთ რაიმე ბიზნესის კეთება, რუსეთი ამის ადგილი არ არის,“ - განაცხადა პიტერ სტანომ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა და ამ დრომდე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს. დასავლეთმა მას არაერთი სანქცია დაუწესა. კიევი სამხედრო და ფინანსურ დახმარებას იღებს.