10 აგვისტოს უკრაინის საზღვაო ძალებმა სამოქალაქო გემებისთვის ახალი დროებითი მარშრუტების შესახებ გამოაცხადა.
დროებითი დერეფანი გამოიყენება იმ გემებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მომენტისთვის უკრაინულ პორტებში „ჩერნომორსკი“, „ოდესა“ და „იუჟნი“ იმყოფებოდნენ. დროებითი მარშრუტები, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციასთან (IMO) შეთანხმებით ამოქმედდა.
„თუმცა, რუსეთის მხრიდან სამხედრო საფრთხე და ნაღმების რისკები ყველა მარშრუტზე რჩება,“ - განაცხადა საზღვაო ფლოტმა და აღნიშნა, რომ მხოლოდ ის გემები დაიშვებიან, რომელთა მფლობელები ან კაპიტნები ოფიციალურად ადასტურებენ მზადყოფნას ამ პირობებში ნაოსნობისთვის.
განცხადების თანახმად, უკრაინამ ეს მარშრუტები უკვე შესთავაზა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას, რომელმაც თავისუფალი კომერციული ნავიგაციის შესახებ უკრაინის უფლება აღიარა, ეს უფლება გარანტირებულია საერთაშორისო საზღვაო კანონმდებლობით.
„დერეფანი იქნება ძალიან გამჭვირვალე, ჩვენ დავაყენებთ კამერებს გემებზე და იქნება მაუწყებლობა, რათა დავანახოთ, რომ ეს არის წმინდა ჰუმანიტარული მისია და არ აქვს სამხედრო დანიშნულება“, - განუცხადა Reuters-ს უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა ოლეჰ ჩალიკმა. საზღვაო ფლოტმა არ დააზუსტა, შეთანხმებული იყო თუ არა ახალი მარშრუტები მოსკოვთან.